საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტყიბულში „საქნახშირის“ საწარმოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი კობახიძემ მეშახტეებს ქალაქისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საწარმოში არსებულ შრომის პირობებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საწარმოში შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
საწარმოში ამჟამად 1300-მდე ადამიანია დასაქმებული.
ირაკლი კობახიძე საქნახშირის საწარმოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკალიანთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა დღესვე ტყიბულში დაღუპულ მეშახტეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.