ერთიანობით უნდა დავაბრუნოთ ის განვითარება, როდესაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოწინავე ქვეყანა ვიყავით. არჩევანი არის ძალიან მარტივი: ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და არა – სიღატაკეს იზოლაციაში, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქობულეთში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი პარტიის შეხვედრებს ყოველთვის უყურებს, ხალხის იმედი აქვს და გამარჯვებას ელოდება.
„მინდა, აჭარიდან მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის გვიყურებს და რომელსაც თქვენი იმედი აქვს და რომელიც თქვენთან ერთად ელოდება გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
ერთობლივი ძალისხმევით, არჩევანი არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო და ძალიან მარტივი: გვინდა ევროპული კეთილდღეობა თუ გვინდა სიღატაკე იზოლაციაში. რასაც ივანიშვილი გვთავაზობს, ეს არის სიღარიბე იზოლაციაში, ეს არის ზურგის შექცევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის რუსული კანონის გამო, რომლის განხილვაც, რამდენიმე დღეა, ბათუმში მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ არჩევანი, ან დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს და უთხრან არა რუსულ კანონს, როგორც ეს ქართველმა ხალხმა თქვა, ან დადგნენ ივანიშვილის რეჟიმის სადარაჯოზე. მათ შორის, იქაც წყდება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის ბედი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველმა ხალხმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ ერთიანობით აუცილებლად უნდა მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს! კი – ევროპულ კეთილდღეობას და არა – სიღატაკეს იზოლაციაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.