როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, უბრალოდ მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ - ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარ არის უკვე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ჰელსინკის კომისიის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ბოლო განცხადებამ ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა და შეიძლება ერთ დღეს თქვან, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს საქართველოო.
“არსებობს BBC-ის საგამოძიებო ფილმი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველაზე მთავარი, არსებობს საქართველოს პროკურატურის მრავალი საგამოძიებო ქმედება სწორედ “ქოლცენტრების” წინააღმდეგ. მათ შორის, გერმანიის პროკურატურასთან ერთად წარმოებული გამოძიებები ამ “ქოლცენტრების” წინააღმდეგ, სადაც სწორედ იკვეთება კეზერაშვილის და ძმათა მათი საქმიანობა. ამ დროს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, უბრალოდ მითხარით, რა ნდობა რჩება ქართველი ხალხის თვალში ასეთი განცხადების გამკეთებლის მიმართ. ეს თვალში ნაცრის შეყრაც აღარ არის უკვე. თუ ვიღაცამ სიცხადე არ შეიტანა იმ წრეში, ვინც განცხადებებს აკეთებს, ეს ლოგიკა საბოლოო ჯამში იქამდე მიდის, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გვითხრან, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს საქართველოო. იმიტომ, რომ ამ ბოლო განცხადებამ ყველანაირი განცხადება დასაშვები გახადა. ამას ხომ საზოგადოება უყურებს და ეს გაოცება ცოტა ხანში ადამიანებში ამერიკის მიმართ სულ სხვა აღქმაში გადაიზრდება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. მაგრამ მე არ შემიძლია პირი ავუკერო იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ “მთელი მდაბიოობა სწორედ იმაშია, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას იმისთვის, რომ შემდეგ აქ, ამ გაძვალტყავებულ ოპოზიციას გია ხუხაშვილმა სალაპარაკო გაუჩინოს”.
“ამას უყურებს ქართველი ხალხი და ეს რომ ხუხაშვილისთვის ასაწევი “პადაჩაა” და ამ რაღაცა ოპოზიციისთვის და ამ კეზერაშვილის “გასათეთრებელი”, ამიტომაა რომ ქართველ ხალხს არ მოსწონს ეს. ხუხაშვილი ყველაზე ყველაფერს იტყვის. ამ ადამიანს რაიმე მორალი აქვს? რაიმე აკავებს თუ რა?”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ „შავ ფულს“ ეყრდნობა.