სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციისა და სპეკულაციის წყარო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციისა და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს“, – წერს იონათამიშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა. განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“.