ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციები და გაფიცვები დედაქალაქ თეირანიდან სხვა ქალაქებში გავრცელდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პროტესტი კვირას დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანის დიდ ბაზარზე მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, როდესაც ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა.
მას შემდეგ დემონსტრაციები გავრცელდა კარაჯში, ჰამედანში, ქეშმში, მალარდში, ისპაჰანში, კერმანშაჰში, შირაზსა და იაზდში. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
ზოგიერთი მომიტინგე სკანდირებდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს ჩამოგდებული, გარდაცვლილი მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის შვილის მხარდასაჭერ ლოზუნგებს.
საპასუხოდ, რეზა ფეჰლევიმ, რომელიც შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში ცხოვრობს, X-ზე დაწერა:
„მე თქვენთან ვარ. გამარჯვება ჩვენია, რადგან ჩვენი საქმე სამართლიანია. სანამ ეს რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩება, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გაუარესდება“.
ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ აღიარებს პროტესტს და რომ მოთმინებით მოუსმენს მას.
პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ორშაბათს გვიან ღამით X-ზე დაწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა მოლაპარაკებები გამართოს მომიტინგეების „წარმომადგენლებთან“, რათა მიიღონ ზომები „პრობლემების გადასაჭრელად და პასუხისმგებლობით მოქმედებისთვის“.
მასუდ პეზეშკიანმა ასევე მიიღო ირანის ცენტრალური ბანკის გუბერნატორის, მოჰამედრეზა ფარზინის გადადგომა და მის შემცვლელად ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი აბდოლნასერ ჰემატი დანიშნა.