ტექნიკა აქტიურად აგრძელებს მუშაობას და სავარაუდოდ, ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტიდან 220-მდე ადამიანია გამოყვანილი.
როგორც მერმა განაცხადა, სოფელი წიაღობანი მოსახლეობისგან სრულად დაცლილია. მისივე თქმით, წყალმომარაგების აღდგენაზე, ასევე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შესაბამისი კომპანიები მუშაობენ.
„ტექნიკა მუშაობს აგრძელებს და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. სავარაუდოდ, ხვალიდან დროებითი ხიდების მოწყობას დავიწყებთ. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ორი სოფელი - წიაღობანი და კოკათი, წიაღობანიდან მოსახლეობა საერთოდ გაყვანილია, ხოლო კოკათში ტექნიკა დანიშნულების ადგილამდე ვერ შედის, რადგან გეოლოგებმა ამ ეტაპზე თავის შეკავებისკენ მოგვიწოდეს. როგორც მათ გვითხრეს, ადგილი არ არის მდგრადი, შესაძლოა, მთა ისევ ჩამოწვეს და მეწყრული პროცესი განვითარდეს. საერთო ჯამში ელექტროენერგია 100 აბონენტს არ მიეწოდება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, სავარაუდოდ ხვალ ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება. დარჩება 2-3 ოჯახი მხოლოდ, სადაც გაზის მილი ფიზიკურად ვერ გადავა, ვიდრე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარდება. ქალაქში წყალმომარაგება აღდგენილია, ხოლო სოფლებში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რადგან ყველა წყალსაცავი დამარხულია. სტიქიის ზონაში ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს”, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.