ყველაფერზე თანხმობის მომხრე მეც არ ვარ, რადგან ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლებები, რომელიც უნდა დაიცვას, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა, ტელეკომპანია "იმედის" დირექტორის ირაკლი რუხაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, რომელიც კონსტიტუციაში ჩაიწერა.
"შემიძლია ვთქვა, რომ ევროინტეგრაციის გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. ეს ყველა კვლევით დასტურდება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაცია და უსაფრთხოების ქოლგა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაიცავს აგრესიისგან. ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც ამ მოცემულობის საპირისპიროა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში არ შედიოდეს.
ყველაფერზე თანახმა, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ, თანახმა უნდა იყო, რომ გაატარო ისეთი რეფორმები, რომელიც ადამიანის უფლებების სტანდარტს გააუმჯობესებს, რომელიც ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველი იქნება. ყველაფერზე თანხმობის მომხრე მეც არ ვარ, რადგან ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლებები, რომელიც უნდა დაიცვას, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ჩვენი ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე.
ჩვენ, როგორც კონსტიტუციური ორგანო, ვალდებული ვართ, ეს მუხლი სისრულეში მოვიყვანოთ და ვფიქრობ, რომ ამას სახალხო დამცველი და მისი აპარატი თავს ართმევს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.
„მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“.- განაცხადა რუხაძემ.