ვურჩევ [ოპოზიციას], რომ არცერთი არ შემოვიდეს პარლამენტში, სამუშაო გარემო მაინც იქნება და საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძე ურჩევს ბარიერგადალახულ ოპოზიციას, რომ თავისი სიტყვა უკან არ წაიღონ და საპარლამენტო სიები ჩახსნან.
„არ შევალთო პარლამენტში, ნუ შემოვლენ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება და იმ საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, რა საბოტაჟსაც ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ. ვურჩევ, რომ საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა პუფები არ გახდნენ და თავისი სიტყვები უკან არ წაიღონ. ჩახსნან სიები და რაც უნდათ ის გააკეთონ, ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი სამშობლოსთვის და არ დავუშვებთ, რომ აგენტურამ საბოტაჟი განახორციელოს ამ ქვეყნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.