ისტორია მეორდება - გამჭვირვალობის კანონი საქართველოს მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოს უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუსს ის ვერ მიიღებდა. რატომღაც საქართველო ყოველთვის უსამართლოდ იჩაგრებოდა, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები უკვე გახსნა.
მდინარაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარამეტრის მიხედვით, საქართველო სხვა კანდიდატებთან შედარებით წინ არის, მასთან მაინც გვიან იხსნება მოლაპარაკებები, „რადგან რაღაც ინტერესები არსებობს“. მდინარაძის შეფასებით, ეს შეწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები საბოტაჟს შეწყვეტენ.
„გამჭვირვალობის კანონი საქართველოს მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოს უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუსს ის ვერ მიიღებდა, თუმცა მომდევნო წელს, მიუხედავად ჩვენი პრინციპული, ამავე დროს, სამართლიანი პოზიციისა, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. წარსული გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ყველაფერი ჩვენთვის გვიანდებოდა, რატომღაც საქართველო ყოველთვის უსამართლოდ იჩაგრებოდა. ასე ხდებოდა, რომ პროცესები იწყებოდა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან უფრო ადრე, ვიდრე საქართველოსთვის ხდებოდა ეს და შემდეგ ყველაფერს ვიღებდით მაინც და ხანდახან უფრო ადრეც. ასე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, ასე მოხდა თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შემთხვევაში, ასე მოხდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. ასე მოხდება მოლაპარაკებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევებშიც. ჩვენთვის ყველაფერი იყო უფრო რთულად, ვიდრე სხვისთვის. ამას თავისი მიზეზები აქვს, ძალიან ბევრი მიზეზი, იმიტომ, რომ ვიღაცას ყოველთვის მოუნდა, რომ საქართველო დაიჩაგროს. ჩვენ ხომ ვნახეთ თავად ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით არა მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას, სხვა კანდიდატ სახელმწიფოებს ვუსწრებდით და ყველა პარამეტრით ვართ პირველადგილოსნები და ამ დროს გვიან იხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან, ამ დროს სხვაზე გვიან იღებს კანდიდატის სტატუსს. რატომ? იმიტომ, რომ რაღაც ინტერესები არსებობს, იმიტომ, რომ სანამ თქვენსავით ამ ქვეყანაში არსებობენ დასაყრდენი ძალები, რომლებიც ამას სპეკულაციისთვის გამოიყენებენ, ყოველთვის ასე იქნება. როგორც კი ჩვენი ოპონენტები ასეთ საბოტაჟს თავს დაანებებენ, ყველაფერი თავის დროზე დალაგდება საქართველოსთვისაც“, - განაცხადა მდინარაძემ.