სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის შეფასებით, წელს, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას, რიგ შემთხვევებში, პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროა ახალი კოდექსის შემუშავება, რადგანაც „საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს“.
ლევან იოსელიანი მიუთითებს, რომ ამ მხრივ, 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები.
„2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია. სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში, პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს.
ამ მხრივ, 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე ასევე უარყოფითად შეფასდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ. აღნიშნული შეფასებით შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ლევან იოსელიანი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა.
„აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს.
2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა. უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.