სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ვიზიტორებისთვის.
მუზეუმის ფონდების მთავარი მცველის ინფორმაციით, დამთვალიერებლების ძირითადი ინტერესი ბელადის პირადი ცხოვრების დეტალებია.
მუზეუმის ვებ-გვერდზე მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფასად არის შესაძლებელი მუზეუმის დათვალიერება.
კერძოდ, სამუზეუმო კომპლექსის (მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, სტალინის მემორიალური სახლი და პირადი ვაგონი) დათვალიერება გიდის თანხლებით - 15 ლარი ჯდება; მხოლოდ სტალინის პირადი ვაგონის მონახულება კი - 5 ლარი ღირს.
მუზეუმში მოქმედებს შეღავათებიც, კერძოდ, სტუდენტებისთვის სამუზეუმო კომპლექსის დათვალიერების ფასი - 10 ლარი, ხოლო მოსწავლეებისთვის - 1 ლარია.
რაც შეეხება 6 წლამდე ბავშვებს, მათთვის მუზეუმში შესვლა უფასოა.
ამასთან, როგორც მუზეუმის ვებ-გვერდზეა მითითებული, მუზეუმის დათვალიერება უფასოა ასევე: II მსოფლიო ომის მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის; ICOM- ის წევრებსა და საქართველოს მუზეუმების თანამშრომლებისათვის; I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის; მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის; სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფი პირებისათვის; მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისათვის; იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები პირებისათვის; ჟურნალისტებისათვის; ჯარისკაცებისათვის.