რა სისტემით გაიზრდება პედაგოგების ანაზღაურებები? - განათლების მინისტრის პასუხი

რა სისტემით გაიზრდება პედაგოგების ანაზღაურებები? - განათლების მინისტრის პასუხი

13-11-2023 09:25
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს მთავრობა პედაგოგების ანაზღაურების ახალი მოდელის შემუშავებაზე მუშაობს - ამის შესახებ დღეს განათლების და მეცნიერების მინისტრმა BMG-ის განუცხადა. გიორგი ამილახვარის განმარტებით, ამჟამად სამინისტროს შეუძლია დანამდვილებით განაცხადოს, რომ მომდევნო წელს პედაგოგები, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ 500 ლარით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებენ.

განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ის მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს და ზოგადი განათლების ახალი ხედვა და პედაგოგების კარიერული ზრდის კონცეფცია სამინისტროს მიმდინარე წლის დეკემბრისთვის უკვე შემუშავებული ექნება.

“დეკემბრის შუა რიცხვებში ვფიქრობ, რომ გვექნება ზოგადი განათლების მიმართულებით პრეზენტაცია იმ განახლებული ხედვების და რეფორმების რომელიც ახლა სამინისტროში მუშავდება. რაც შეეხება თქვენ კონკრეტულ კითხვას, ახლა ვართ ჩართული მასწავლებლებთან შეხვედრებში. წინა კვირაში დაახლოებით 700 პედაგოგს შევხვდი და გვქონდა 3-საათიანი დისკუსია - როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნით ამ კვირაში რეგიონებში მაქვს გასვლა. გვინდა, რომ მასწავლებლები ჩავრთოთ, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილებები. საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას, რომელიც შედის პირველ რიგში მასწავლებლების ინტერესში და რომელმაც უნდა მოიტანოს პირველ რიგში ხარისხიან განათლებაზე წვდომის ამაღლება.

ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი იზრდება და იმ სისტემით, რაზეც ვმუშაობთ. სრულ დატვირთვაზე მომუშავე პედაგოგებს მინიმუმ 500 ლარით მოემატებათ ანაზღაურება”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

2024 წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე 1.28 მილიარდი ლარი მიიმართება, რაც 2023 წელთან შედარებით 160 მილიონი ლარით მეტია.

“აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 500 ლარით გაიზრდება. ამავე პროგრამის ფარგლებში 70 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ხოლო 61,0 მლნ ლარამდე პირველკლასელი და წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია 2024 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

პოსტი ნახა: 311


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!