სკოლის ინფრასტრუქტურა, ბუფეტები, სასკოლო კვების მოდელი... - რაზე მუშაობს განათლების სამინისტრო?

სკოლის ინფრასტრუქტურა, ბუფეტები, სასკოლო კვების მოდელი... - რაზე მუშაობს განათლების სამინისტრო?

13-11-2023 09:22
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საჯარო სკოლებში უფასო კვების შესახებ მსჯელობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით 2023 წლამდე არაფერი კონკრეტული არ ისმის, როგორია განათლების სამინისტროს გზა და რა პოლიტიკის შემუშავებას აპირებს ის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით - საკითხზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"სანამ ამ საკითხის განხორციელებას დავიწყებთ, იქამდე რიგი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, აქედან უპირველესია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი - ზოგადად სკოლების, შემდეგ კი ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვერსად, დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას, მთლიანად, ყველა კლასისთვის და სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს სკოლების ინფრასტრუქტურა, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ, როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ, რაც უახლოეს 2-3 წელიწადში მოხდება, შემდეგ ეტაპობრივად მოგვეცემა საშუალება ეს პროექტი დავიწყოთ", - ამბობს მინისტრი.

ამასთან, განათლების მინისტრი ერთ-ერთ პრობლემად საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ასახელებს, მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროს სპეციალური პროგრამა აქვს დაწყებული.

"პირველი პრობლემა არ არის ფინანსური და სოციალური პრობლემა, აქ საჭიროა საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეს რომ ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით, საჭიროა ინფრასტრუქტურა. სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ამ კუთხით გამოიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც აიდენტიფიცირებს სკოლებს, ეს პროგრამა საპილოტე რეჟიმშია და აქტიურად მიმდინარეობს სკოლების აღწერა", - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მუშაობს, რომელიც სკოლაში ბავშვების კვების მეთოდოლოგიაზე მუშაობს.

"ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რომელიც ევროკავშირის ეგიდით არის დაფუძნებული, ორგანიზაციაში გაწევრიანებულია თითქმის ყველა მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. ორგანიზაცია სწორედ ამ მეთოდოლოგიაზე, ბავშვების სკოლაში კვებაზე მუშაობს და ეხმარება სახელმწიფოებს. გვინდა, საერთაშორისო პრაქტიკა გავიზიაროთ და აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე სრული წვდომა მივიღოთ", - დასძინა ამილახვარმა.

ამასთან, განათლების მინისტრის თქმით, იგეგმება სკოლის "ბუფეტებთან" დაკავშირებული მინისტრის ბრძანების განახლება.

"იქ სადაც უკვე მოქმედებს სკოლის ბუფეტები, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც წლებია არ განახლებულა და დღეს ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ, მშობლებს გვაქვს. უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ორგანოებისა და მშობელთა ასოციაციის ჩართულობით ეს ბრძანება განახლება, დამტკიცება და წლის ბოლომდე შევა ძალაში, რათა არსებულ ბუფეტებში ვითარება მყისიერად გამოსწორდეს", - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის: 2021 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით ორი წლით ადრე დაიწყო. მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში BMG-ს განუმარტეს, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა მას კანონპროექტის სახე არ ჰქონდა და, შესაბამისად, არც პარლამენტში იყო შეტანილი.

პოსტი ნახა: 193


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!