სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ქუთათელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაკავებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ერთმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. მათ შორის ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი.
ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ქუთათელაძემ.