📌 ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" საპასუხო განცხადება შემოსავლების სამსახურს

📌 ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" საპასუხო განცხადება შემოსავლების სამსახურს

1 საათის წინ
პოსტი ნახა: 40
✍️ ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ კატეგორიულად არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წარმოდგენილ შეფასებებსა და ინტერპრეტაციებს და საზოგადოებას აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ განმარტებებს.
კომპანია არ უარყოფს საგადასახადო დავალიანების არსებობას, და აქვე განმარტავს, რომ განცხადებაში დასახელებული დავალიანების დაახლოებით ნახევარი არის ძირის თანხა, ხოლო დანარჩენი, დარიცხული საურავი.
დაუშვებელია შემოსავლების სამსახურის მიერ განცხადების გავრცელების გამოყენება, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული უმოქმედობის, შერჩევითი სამართლის, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებების გასამართლებლად.
„თრიალეთი“ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართავდა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების, გადახდის რეალისტური გრაფიკისა და მაუწყებლის სპეციფიკის გათვალისწინების მოთხოვნით. პასუხი ყოველთვის იყო უარი, დუმილი ან იგნორირება.
შემოსავლების სამსახურის განცხადებაში შეგნებულად გამოტოვებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:
📍1. შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, თითქოს ინკასოს რამდენჯერმე დადება დავალიანების ყოველთვიური ზრდით იყო განპირობებული, თუმცა არ უთითებს, რომ კომპანია ყოველთვიურად იხდის მიმდინარე გადასახადებს, ხოლო დავალიანების ზრდა გამოწვეულია ყოველდღიურად დარიცხული საურავით.
📍2. ისინი აცხადებენ, რომ ინკასო ანგარიშებზე ავტომატურად ედება, თუმცა არ განმარტავენ, რატომ არ ვრცელდება ეს „ავტომატური“ მექანიზმი ტელეკომპანია „იმედისა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ანგარიშებზე და რატომ ხორციელდება შერჩევითი, დისკრიმინაციული მიდგომა.
📍3. დავალიანების ზრდითა და ინკასოს ავტომატურობით ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ამართლებენ საკუთარ დისკრიმინაციულ და კანონდარღვევით ქმედებებს, თუმცა ავიწყდებათ, რომ იგივე ლოგიკით ინკასო მხოლოდ „თრიალეთზე“ არ უნდა ვრცელდებოდეს.
📍4. სიცრუეა და სამარცხვინოა განცხადებაში ხაზგასმით მტკიცება, თითქოს შემოსავლების სამსახური საგადასახადო კონტროლს ახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით და თანაბრად ყველა გადასახადის გადამხდელის მიმართ.
 
აქვე მოვიყვანთ, დადასტურებულ ფაქტს:
ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ სრულ სოლიდარობას უცხადებს გაზეთ "ბათუმელებს" და აღნიშნავს, რომ მათ მიმართ განხორციელდა ხელისუფლების ზეწოლა. ამ შემთხვევიდან, გამოვყოფთ თავად შემოსავლების სამსახურის განცხადებას, რომელიც „ბათუმელებთან“ დაკავშირებით გაკეთდა:
💬 "„შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მისცეს საშუალება დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება.“
ამ განცხადებიდან ღიად ჩანს, რომ შემოსავლების სამსახური შერჩევითად სთავაზობს ერთ მედიას საგადასახადო შეთანხმებას, მაშინ როდესაც "თრიალეთის" 15 წლის განმავლობაში არაერთგზის მიმართას, შეთანხმებისა და გადახდის გრაფიკის მოთხოვნას, ყველა შემთხვევაში ეუბნება უარს ან საერთოდ არ პასუხობს.
 
ასევე, საზოგადოებას ვთავაზობთ BMG-ის კვლევას, სადაც ნათლად ჩანს ზოგიერთი ტელეკომპანიის დავალიანების ზრდა და მათ მიმართ შემოსავლების სამსახურის ფაქტობრივი თვალის დახუჭვა:
 
1. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დავალიანებები ლარში:
2021 წლის იანვარი - 23,012,818
2022 წლის იანავრი - 24,421,089
2023 წლის იანვარი - 24,926,217
2024 წლის იანვარი - 25,004,850
2025 წლის აგვისტო - 25,052,436
 
2. ტელეკომპანია იმედის დავალიანებები ლარში:
2021 წლის იანვარი - 17,431,987
2022 წლის იანავრი - 17,431,987
2023 წლის იანვარი - 16,486,203
2024 წლის იანვარი - 15,499,208
2025 წლის აგვისტო -16,838,513
 
📌 მედიის ზეწოლას და შერჩევით სამართალს ადასტურებს, ისიც რომ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შეთანხმება გააფორმა 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასთან და ჩამოწერა 5 მილიარდ ლარზე მეტი თანხა, თუმცა „თრიალეთთან“ მიმართებით, 15-წლიანი მოთხოვნების მიუხედავად, შეთანხმება არასდროს განხორციელებულა.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენებოდა ზეწოლის, ცენზურისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით.
📍 5. ზეწოლისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გარდა, შემოსავლების სამსახური უპასუხოდ ტოვებდა ჩვენს მიერ მათთან გაგზავნილ ოფიციალურ განცხადებებს.
2025 წლის 10 ივლისს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ ოფიციალურად მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით. კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა 2025 წლის 19 ნოემბერს, თუმცა კომპანიას დღემდე არ მიუღია არც პასუხი და არც დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ასევე, განცხადება წარდგენილი იქნა 2026 წლის 9 იანვარს, თუმცა ყოველდღიური მოთხოვნების მიუხედავად, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო განაგრძობდნენ ჩვენი მიმართვების იგნორირებას.
📍 6. შემოსავლების სამსახური აცხადებს, თითქოს ჩვენს საქმიანობას შეზღუდვა არ შეხებია. საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებით - თუნდაც მისი დროებითი მოხსნებით - ფაქტობრივად ბლოკავენ კომპანიის შემოსავლებს, ტოვებენ ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს უხელფასოდ, აფერხებენ ტექნიკურ უზრუნველყოფას და ზღუდავენ კონტრაქტორებთან ურთიერთობას.
ეს არის შეზღუდვა და მედიის შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე - კონსტიტუციურად დაცულ ღირებულებაზე. დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ გამოყენებული ზომები რეალურად იწვევს მისი საქმიანობის პარალიზებას.
ნათლად ჩანს, რომ საგადასახადო ბერკეტები გამოყენებულია არა კანონის აღსასრულებლად, არამედ კრიტიკული მედიის დასასჯელად და გასაჩუმებლად.
✍️ და ბოლოს, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ შესაბამისი პრაქტიკის შეცვლისა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადასვლის შემთხვევაში, კვლავ მზად არის:
• ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან;
• შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები, რეალისტური და შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში;
• დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა;
ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, დავიცვათ ჩვენი სამართლებრივი და პროფესიული უფლებები ყველა დონეზე და საერთაშორისო პლატფორმაზე.
მედიის ფინანსური ბლოკირება არ შეიძლება იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად!


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე