თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება.
ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება.
„თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის და ზოგადად, აღნიშნული დარგის, გაჯანსაღება-გაძლიერება. მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ინდუსტრიის მქონე მწარმოებლების მიერ თამბაქოს წარმოება მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტებს საგრძნობლად ამაღლებს, მაშინ როდესაც თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ წარმოება, მწეველთა ჯანმრთელობისთვის უდიდეს რისკს ქმნის.
სწორედ აღნიშნული მაღალი სტანდარტის მისაღწევად საჭიროა, რომ თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.