მთავრობა წელს რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს გეგმავს. საგზაო პროექტების განხორციელების შემდეგ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3.5 საათი დასჭირდება. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამაშია ნათქვამი, რომელიც განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
გთავაზობთ, სამთავრობო გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს:
- გაგრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთდასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით. შედეგად, მოძრაობა გაიხსნება 90 კმ-ზე და აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3.5 საათი დასჭირდება.
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ფარგლებში, დასრულდება რიკოთის დარჩენილი მონაკვეთები, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა და სხვა მონაკვეთები, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
- 2024 წელს გაგრძელდება ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელება, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიური თვალსაზრისით უპრეცედენტო პროექტია. სრულად გაიჭრება 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბია და რომლის მშენებლობაც კლდოვან ქანებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტისთვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM, რომლის საშუალებითაც ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე. აღნიშნული უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. ხსენებულ პროექტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და წარმოადგენს კომპლექსურ პასუხს წლების განმავლობაში დაგროვილ გამოწვევებზე. დაიწყება მოსამზადებელი ღონისძიებები თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის პროექტების დასაწყებად.
- გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებით, მათ შორის, დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ, ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ მონაკვეთები და გაგრძელდება სამუშაოები საგარეჯობადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთზე.
- გაგრძელდება და დასრულდება სამუშაოები არაერთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმართულებით, მათ შორის, ხულო-ზარზმის გზაზე, სადაც უკვე დასრულებულია 17 კმ, ხოლო 2024 წელს გაგრძელდება და დასრულდება დანარჩენი მონაკვეთები.
- ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იან მონაკვეთთან დაკავშირებით, საიდანაც 25 კმ უკვე დასრულებულია, 2024 წელს დაიწყო და გაგრძელდება დარჩენილ 25 კმ-იანი მონაკვეთზე სამუშაოები.
- 2024 წელს გაგრძელდება შესაბამისი პროექტის განხორციელება თბილისირუსთავის 17 კმ-იანი მონაკვეთის დასასრულებლად, სადაც 13.5 კმ-ზე მოძრაობა უკვე გახსნილია.
- გაგრძელდება და 2024 წლიდან ეტაპობრივად დასრულდება ბაღდათიაბასთუმნის, ასევე, გომბორის 33 კმ-იანი მონაკვეთისა და ომალოს მიმართულებით გზის პროექტები.
- შესაბამისად, ჯამურად, 2024 წელს განხორციელდება არანაკლებ 400 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
- გაგრძელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა. აღნიშნული ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს.