5 თებერვალს, შემოსავლების სამსახურმა კვლავ გაანულა ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" საბანკო ანგარიშები და ჩამოგვაჭრა 11 736 ლარი. 9 იანვრიდან დღემდე ჩამოგვაჭრეს 14882 ლარი. ივნისის და ოქტომბრის თვეში, ჩამოგვაჭრეს 17501 ლარი.
საერთო ჯამში, ინკასოს ფარგლებში, ჩამოგვეჭრა 32 383 ლარი, რაც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ მოქცეული რეგიონული მაუწყებლისთვის მძიმე ფინანსური დარტყმაა და ამ ნაბიჯებით, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ "თრიალეთი" არსებობის დასასრულის ზღვრამდე მიიყვანა.
ამ მოქმედებებით, ჩვენი ფინანსური რესურსი სრულად ამოიწურა. აღარ გაგვაჩნია საშუალება დავფაროთ თანამშრომლების ხელფასები, უზრუნველვყოთ მაუწყებლობისთვის აუცილებელი ხარჯები და შევინარჩუნოთ ფუნქციონირება.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ ფინანსების გარეშე არსებობას - უხელფასოდ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. ამის შემდეგ კი იძულებულები გავხდებით შევწყვიტოთ მაუწყებლობა, როგორც ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად განადგურებული ტელე-რადიო მაუწყებელი.
მიუხედავად რთული ვითარებისა, ნაკლები იმედით, მაგრამ შემართებით გავაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოში და ყველა სხვა კანონიერი გზის გამოვიყენებით. ამასთანავე, ყოველთვის შევეცდებით გამოვააშკარაოთ და ხელი შეუშალოთ, ხელისუფლების მიერ სხვა მედია ორგანიზაციების განადგურების მცდელობას.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია მხოლოდ სადამსჯელო და რეპრესიული მიდგომა. არ ყოფილა მცდელობა, დახმარებოდა დამოუკიდებელ მედიას არსებობის შენარჩუნებაში; არ გამოყენებულა კანონით გათვალისწინებული მექანიზმები - ვალის რესტრუქტურიზაცია, საგადასახადო შეთანხმება, ან სხვა სამართლებრივი და ჰუმანური გზები პრობლემის მოსაგვარებლად.
ტყუილი იყო შემოსავლების სამსახურის განცხადება, თითქოს დავალიანების შემცირების შემთხვევაში ინკასო იხსნებოდა. დავალიანება შემცირდა, თუმცა ინკასო არ გაუუქმებიათ. ინკასოს მოხსნა და ხელახლა დადება, რეალურად, გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ჩვენთვის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა შეეზღუდათ!
ხელისუფლებამ, პროპორციულობის პრინციპის უხეში დარღვევით, დისკრიმინაციული მიდგომითა და თანასწორობის კონსტიტუციური უფლების უგულებელყოფით, მიზანმიმართულად გაანადგურა „თრიალეთი“.
ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ 36 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საზოგადოებას, იცავდა სიტყვის თავისუფლებას და უზრუნველყოფდა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებას ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით.
დღეს კი ჩვენი არსებობა პირდაპირ საფრთხის წინაშეა.
ეს იყო ჩვენი რიგი - და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შემდეგი შეიძლება ნებისმიერი დამოუკიდებელი მედია აღმოჩნდეს!
საქართველოში დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია!