ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი, - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად მონასტრის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო.
„ალავერდის მონასტერი კულტურული მემკვიდრეობის დაცული ძეგლია. შესაბამისად, საჭიროა ღრმა შესწავლა, რათა სწორად მოხდეს თანმიმდევრული პროცესების დაგეგმვა. პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი უწყება. ზარალის შესწავლა მოხდება სპეციალისტების მიერ და ამის შემდეგ, გახდება ცნობილი, რა ტიპის სამუშაო პროცესი უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
გიორგი ალადაშვილის თქმით კი, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მყისიერად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობისგან და მრევლისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფები“.
„გაიწმინდა მონასტრის ტერიტორია. სტიქიას საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღეს, ადგილზე გავეცანით ვითარებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რათა კოორდინირებულად განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები მონასტრის აღსადგენად“, - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.