ცენტრალური საარჩევნო კომისია ისრაელში საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს.
შესაბამისი განცხადება ცესკო-ს სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა. მან კოლეგებს ცესკოსადმი საგარეო საქმეთა სამინისტროს ის მიმართვა გააცნო, სადაც უწყება ინსტიტუციას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას სთხოვს.
„ცესკო-ს მომართა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც ინფორმაცია მოგვეწოდა ისრაელში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია თელავივში საარჩევნო უბნის არსებობასთან. აღნიშნული წერილით მოგვეწოდა ინფორმაცია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და რომელიც, მათ შორის, შესაძლოა, კენჭისყრის დღესთან მიმართებით არსებობდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ განგაშის სიგნალის შემთხვევაში სავალდებულოა პირების განთავსება ე.წ. საფარში. ასევე, აღნიშნულია გარემოებაზე, რა დროსაც, 1-ელ ოქტომბერს, დაბომბვის დროს, საელჩოს თანამშრომლებს მოუწიათ დაცულ ოთახში ყოფნა. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ განგაშის სიგნალი, შესაძლოა, რამდენჯერმე განმეორდეს. ვინაიდან რისკები და გარემოებები არის იდენტიფიცირებული. ცხადია, ეს თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის არსებული მოცემულობით შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, კენჭისყრის დღეს, თეორიულად რამდენჯერმე გამოცხადდეს განგაში, რამაც, შესაძლოა, შეუძლებელი გახადოს კენჭის ყრის დღის სრულყოფილად განხორციელება და ჩატარება. არჩევნებამდე 15 დღეა დარჩენილი. უბნის გაუქმება ყოველთვის არის შესაძლებელი, საარჩევნო უბნის აღდგენა, დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.