პარლამენტმა 76 ხმით „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.
ბიუჯეტის პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, 2025 წლის ბიუჯეტის გეგმა განსაზღვრულია 87 მილიონ 262 ათასი ლარით.
ბიუჯეტის თანახმად, ხარჯები 78 მილიონ 374.00 ათასი ლარია, არაფინანსური აქტივების ზრდა 8 მილიონ 888 ათას ლარს შეადგენს, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია - 43 მილიონ 718 ათასი ლარი.
მისივე განმარტებით, საკომიტეტო განხილვის დროს ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს პარლამენტის შტატების და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა დიდია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დასაქმებულთა რაოდენობა საშტატო ნუსხით 708 პირია. ამ რაოდენობაში შედიან დეპუტატები, საჯარო მოხელეები და ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. რაც შეეხება ე.წ. შტატგარეშე თანამშრომლებს, რაც სინამდვილეში შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობს, ასეთი კომიტეტებში სულ 25 პირია, აპარატში კი - 29. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არიან როგორც IT-ის, ისე ფრაქციებსა და აპარატის თანამშრომლები, მათ შორის მანდატურის და სხვა სამსახურებში.
ზოგადად, 2012 წელთან შედარებით დასაქმებულების საერთო რაოდენობა ჯამში არის 70-ით მეტი, რაც გამოწვეულია რამდენიმე წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით -პროპორციული სიით გასული პარლამენტის წევრებისთვის თანაშემწეების პოზიციის დაშვების თაობაზე. ძირითადად, სწორედ ამან გამიწვია დასაქმებულთა რაოდენობის 70 ერთეულით ზრდა. სინამდვილეში, 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობის არსობრივი ზრდა არ არის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.