საპენსიო ფონდიდან დაგროვებითი პენსიის საერთო აქტივების გატანის 3 ხერხი არსებობს - ამის შესახებ ფონდის ოფიციალურ საიტზეა განმარტებული.
საპენსიო ასაკში პენსია შესაძლებელია გაიცეს:
- პროგრამული გატანის გზით - მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფა და ყოველთვიური პენსიის სახით მიღება;
- ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანტუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით - მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა და სიცოცხლის ბოლომდე პენსიის მიღება;
- მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით - ასეთი მეთოდით პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე გაწევრიანდა.
შეგახსენებთ, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ ადამიანთა რაოდენობა 1 604 000-ია. 2025 წლის 31 მარტის მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 17 942-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 74.9 მლნ ლარი გაიცა.
საპენსიო აქტივების ღირებულება 6.5 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა.