სერბეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება, მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არეულობის დროს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ვალიევოში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც ნიღბიანი პირების მცირე ჯგუფმა მმართველი პარტიის ცარიელ ოფისებს შეუტია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ძალადობა და სისასტიკე გამოიჩინა დედაქალაქ ბელგრადსა და ნოვი სადში. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ბრალდებები უარყო.
საპროტესტო აქციების დაწყება თავდაპირველად გასული წლის ნოემბერში ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევამ გამოიწვია, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომიტინგეები კატასტროფაში ვუჩიჩის მთავრობის კორუმპირებულობასა და მათ მიერ ხარჯების შემცირებაში ადანაშაულებდნენ. დემონსტრაციები, რომელშიც ასობით ათასი მომიტინგე მონაწილეობს, ძირითადად მშვიდობიანი იყო გასული კვირის ოთხშაბათს მომხდარ შეტაკებამდე, როდესაც მთავრობის მომხრე მხარდამჭერებმა კონტრდემონსტრაციები გამართეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს. „ჩვენ არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავრჩეთ მოძმე სერბეთში მიმდინარე მოვლენებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო სამინისტროს მტკიცებით, პოლიცია „ძალადობრივი ბრბოს შესაკავებლად კანონიერ მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს“ და რომ „საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლე“ საფრთხეშია.