კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში.
69 წლის რობერტ პრევოსტი ჩიკაგოშაი დაბადებული. პაპობაში ის ლეო მე-14 იქნება.
2015-2023 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკუთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.
სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი დღეს საღამოს ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის პაპი არჩეულია. მისი ვინაობა კი ახლა გახდა ცნობილი.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული ჰქონდათ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.