„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანის თქმით, უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ცენტრალური საკითხი ეროვნული სუვერენიტეტი იქნება. მისივე თქმით, ბრიუსელი აფინანსებს მისი მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის.
„ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს ეკონომიკურად და ფინანსურად დახრჩობას. ამიტომ, ფინანსური ფარი მჭირდება ევროკავშირის გამო და ბრიუსელის წინააღმდეგ“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, სუვერენიტეტი ევროპული პოლიტიკური სისტემის საფუძვლად უნდა დარჩეს, მისი აზრით კი, ევროკავშირის ამჟამინდელი სტრუქტურა ვერ ემსახურება მის წევრებს, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში მაცხოვრებლებს.
ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირში დარჩება დაძაბულობის მიუხედავად.
„არაფერს ვბლოკავ ევროკავშირთან. უბრალოდ მინდა გარკვეული საკითხების გარკვევა. პირველ რიგში, სად არის ჩვენი ფული?“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ უნგრეთისთვის ევროპულ საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება შეუძლებელია.
მიგრაციის საკითხზე საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთმა უნდა შეინარჩუნოს უფლება, გადაწყვიტოს, ვის შეუძლია ქვეყანაში შესვლა და ცხოვრება.
„თუ ქრისტიანულ ქვეყანაში დიდი რაოდენობით არაქრისტიანებს შეუშვებთ, ეს დემოკრატიაზე იმოქმედებს“, – განაცხადა ორბანმა.
უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარებასთან ახლოს არიან, თუმცა ეს ერთიან ტრანსატლანტიკურ პოზიციაზეა დამოკიდებული.
„აშშ-ის პრეზიდენტი მშვიდობის მომხრეა. ევროპელები – არა.ის, რასაც ისინი ამბობენ, იმას ნიშნავს, რომ მათ ომის გაგრძელება სურთ“, – განაცხადა ორბანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია მშვიდობით.
ჟურნალისტის კითხვაზე მისი ძირითადი ღირებულებების შესახებ ორბანმა უპასუხა: „ღმერთი, ერი, ოჯახი, თავისუფლება“.