შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ევროპის ქვეყნები, სადაც მინიმალური თვიური ხელფასი ყველაზე მაღალია – რა მაჩვენებელი აქვს საქართველოს

ევროპაში მინიმალური ხელფასი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია, ყველაზე დაბალი კი ალბანეთში. ამის შესახებ აღნიშნულია Statista-ს მონაცემებში, სადაც გაანალიზებულია 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში არსებული მინიმალური თვიური ხელფასების შესახებ ინფორმაცია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეიტინგში ლიდერობს ლუქსემბურგი, სადაც თვიური მინიმალური ხელფასი 2 571 ევროს შეადგენს.

მონაცემების თანახმად, მეორე ადგილს იკავებს ირლანდია, სადაც 2 146 ევროს გადააჭარბა მინიმალურმა ხელფასმა. მესამე ადგილი კი 2 070 ევროთი ნიდერლანდებმა დაიკავა.

მეოთხე და მეხუთე ადგილები გერმანიამ და ბელგიამ გაინაწილეს. გერმანიაში მინიმალური ხელფასი თვეში 2 054, ხოლო ბელგიაში 1 994 ევროთია განსაზღვრული.

ევროპის სხვა ქვეყნების თვიური მინიმალური ხელფასი ასე გამოყურება:

  • საფრანგეთი – 1 767 ევრო;
  • ესპანეთი – 1 323 ევრო;
  • სლოვენია – 1 254 ევრო;
  • კვიპროსი – 1000 ევრო;
  • პოლონეთი – 978 ევრო;
  • პორტუგალია – 957 ევრო;
  • მალტა – 925 ევრო;
  • ლიეტუვა – 924 ევრო;
  • საბერძნეთი – 910 ევრო;
  • ხორვატია – 840 ევრო;
  • ესტონეთი – 820 ევრო;
  • ჩეხეთი – 765 ევრო;
  • სლოვაკეთი – 750 ევრო;
  • ლატვია – 700 ევრო;
  • უნგრეთი – 697 ევრო;
  • რუმინეთი – 663 ევრო;
  • თურქეთი – 613 ევრო;
  • სერბეთი – 544 ევრო;
  • ბულგარეთი – 477 ევრო;
  • ალბანეთი – 385 ევრო.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მინიმალური ხელფასი 1999 წელს განისაზღვრა და კანონის – „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ მიხედვით, დღემდე მხოლოდ 20 ლარს შეადგენს.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2004 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით 672 ევროს ეკვივალენტია.