შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბაკურ აბულაძე – „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე  დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა  უმკაცრესია – 9 თვის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სს დევნა 48 პირზე დაიწყო, განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის ,,ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს – 2023 წლის 9 თვის მონაცემებით „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 48 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა, – აღნიშნულის შესახებ გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ბაკურ აბულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკა „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უმკაცრესია.

„ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონებების მიდევნების და ჩამორთმევის მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ანგარიშის წარდგენისას ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის და მამხილებელი ჩვენების მიცემისას გამონაკლის შემთხვევებში იყენებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.