შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, ქვეყნის საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 88 280 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი (მათ შორის ელექტრო სიგარეტი), აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა – 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, თითოეულს, ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით განესაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.