შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქსტატი – 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

„2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი – 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს. 2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 78.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 39.5 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 38.8 მლნ. აშშ დოლარით (19.3 პროცენტი)”- ნათქვამია ინფორმაციაში.