შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სკოლებში უფასო კვება წლიურად 300-400 მლნ დაჯდება – გიორგი ჭანტურია

გაეროს ბავშვთა ფონდისა და “საქსტატის” ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში სკოლის მოსწავლეთა 35% სასკოლო საათებში არასდროს იკვებება, ხოლო 77% ამბობს, რომ კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც განიცდის შიმშილის გრძნობას.

რამდენიმე თვეა, სკოლებში უფასო კვების სისტემის დანერგვაზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალურია. ისიც ცნობილია, რომ განათლების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი ამ საკითხით დაინტერესებულია და გიორგი ამილახვარი მიღებულ გადაწყვეტილებას პრეზენტაციის სახით წარადგენს.

სკოლებში უფასო კვების დანერგვის უპირატესობებსა და პროგრამის სავარაუდო ხარჯებზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” “განათლების კოალიციის” დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ ისაუბრა. მისი თქმით, სასკოლო კვება არა მხოლოდ მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას აუმჯობესებს, არამედ სოფლის მეურნეობასაც უწყობს ხელს.

“თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სასკოლო კვება და ჩვენს ქვეყანაში როცა ამაზეა საუბარი, ხშირად უტოპიად არის მიჩნეული. არადა ჩვენ ეს სისტემა სკოლამდელ დაწესებულებებში გვაქვს დანერგილი. სკოლაში კვებას აქვს ძალიან დიდი გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე. ჩვენ ვიცით, ამ მხრივ როგორი ჩამორჩენა გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის განვითარებისთვის და ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის წახალისებისთვის. ვიცით, რომ, როგორც ახალგაზრდებში, ისე მოზარდებში, იქნება ეს დამოკიდებულებები არაჯანსაღ საკვებზე თუ სხვადასხვა მავნე ნივთიერებებსა და აზარტულ თამაშებზე, პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში.

სასკოლო კვება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც. როდესაც შეისწავლეს ადგილობრივი თემი, სადაც სასკოლო კვება არსებობს, აღმოაჩინეს, რომ ეკონომიკურად მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს უფასო კვება სოფლის მეურნეობას. დათვლილი იყო, რომ ყოველი დახარჯული ერთი დოლარი სასკოლო კვებაში, 9 დოლარის ამონაგებს აძლევდა ფერმერს”, – განმარტავს გიორგი ჭანტურია.

რაც შეეხება უფასო სასკოლო კვების პროექტის ღირებულებას, ჭანტურიას თქმით ის ცვალებადია და დამოკიდებულია არჩეულ მოდელსა და მასშტაბებზე.

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია მასშტაბზე, დაფარვის არეალსა და კვების მოდელზე, შერჩეულ მენიუზე. ჩვენ როცა დავთვალეთ – ერთ სენდვიჩზე, კვერცხით, ყველითა და ერთი ბოთლი წყლით, ერთ მოსწავლეზე – თუ ერთ კლასს დავფარავთ, დაახლოებით 25-30 მლნ ლარი დაჯდება წლიურად. ჯამში 300-400 მილიონი გამოდის მთელი წლის მანძილზე. თუ ავიღებთ სხვა ტიპის მენიუს, შეიძლება, ეს ხარჯები კიდევ უფრო შემცირდეს”, – ამბობს “განათლების კოალიციის” დირექტორი.

მისი თქმით, სასკოლო კვების საუკეთესო მოდელი საჭმლის ადგილზევე დამზადებაა, თუმცა ქართული სკოლების ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას არ იძლევა.

“ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დამზადდეს ადგილზე, უმეტეს შემთხვევაში კი სადილის ყუთების (ე.წ. ლანჩ-ბოქსების) მიტანის სერვისი უნდა უზრუნველვყოთ. ბევრ შემთხვევაში ამის ლოგისტიკაც რთული იქნება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში – იქ შეიძლება კიდევ სხვა მოდელი დაინერგოს”, – ამბობს ჭანტურია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჭანტურიას განმარტებით, სასკოლო კვების დანერგვაზე მუშაობა ჯერ კიდევ ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს დაიწყო: “ეკატერინე ტიკარაძე როცა იყო ჯანდაცვის მინისტრი, 2 წლის წინ ამბობდა, რომ 2 წელია ამ მოდულზე ვმუშაობთო. შესაბამისად, 4 წელია უკვე გასული”.

2021 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მართლაც აცხადებდა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით ორი წლით ადრე დაიწყო. მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში BMG-ს განუმარტეს, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა მას კანონპროექტის სახე არ ჰქონდა და, შესაბამისად, არც პარლამენტში იყო შეტანილი.