შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე – ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს – მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები

ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად“ აფასებს.

სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები.

„ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს “ერთმორწმუნე ძმის” ნამდვილ სახეს.

სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული პირი თამაზ გინტურია.