ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დედაქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ისეთივე ფაქტი არ მოხდება, როგორც ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა.
„მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე – უკრაინა, მოლდოვა, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა – მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.