სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე – 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში უზრუნველყო გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რის შემდეგაც ჩვენს მიერ ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა სამართალდამცავი.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.