ქრისტესშობის მარხვა ტრადიციულად 28 ნოემბერს დაიწყება

ქრისტესშობის მარხვა ტრადიციულად 28 ნოემბერს დაიწყება

27-11-2023 15:14
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობის მარხვას ტრადიციულად 28 ნოემბერს იწყებს. 

იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და საეკლესიო წელიწადში საზოგადო მარხვათა შორის ბოლო მრავალდღიანი მარხვაა. ქრისტესშობის მარხვას „ფილიპეს მარხვასაც“ უწოდებენ, გამომდინარე იქიდან, რომ მარხვის აღების დღეს, 27 ნოემბერს, ეკლესია წმინდა ფილიპე მოციქულს იხსენებს.ქრისტესშობის მარხვა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში განსხვავებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი საბოლოო ფორმირება XII საუკუნის შუა წლებისთვის მოხდა.

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის განმარტებით: „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან ქვის ორი ფიქალი მიიღო, რომელზეც უფლის სიტყვები იყო ამოტვიფრული. ჩვენ კი, ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ, ვიხილავთ და, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან, ვიღებთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული, ხორციელად შობილია და ვეზიარებით მის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს“.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა 25 დეკემბრამდე ხსნილია თევზით, ასევე თევზით ხსნილდება 31 დეკემბერი, 1 და 2 იანვარი.

პოსტი ნახა: 339


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე