შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გიორგი გაბიტაშვილი – თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი – მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები

საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, თურქეთში, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირი დააკავეს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

„პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს პროცედურები და დროულად წარდგება მსჯავრდებული სასამართლოში”, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს მოკლეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი – უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორია დატოვებული ჰქონდათ. ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე, 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.