შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი ქადაგიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზნე ეცვალა, მან ზნე არ იცვალა – რა უბედურებაც 2008 წლამდე და 2008 წელს ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ ახლა

„ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს ზნე ეცვალათ, მათ ზნე არ იცვალეს – რა უბედურებაც 2008 წლამდე და 2008 წელს ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ ახლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „ყველას ეძლევა შანსი, მაგრამ როცა შანსს ყოველ ჯერზე ქვეყნის დასაზიანებლად იყენებ, პასუხისმგებლობის საკითხი დგება“.

„პირველ რიგში, ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება საკონსტიტუციო უმრავლესობით იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ. ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ ამ ოპოზიციას – ქვეყნის ჯანჯღარის გარდა, თუ რაიმე შემოუთავაზებიათ ხალხისთვის ან ქვეყნისთვის. დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური გაერთიანებების სახით საქმე რეალურად ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გვაქვს, რომელიც გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაიშალა.

„დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა, არჩევნებზე ამ თუ იმ კონფიგურაციით გავიდნენ – მათ არც სიახლე გააჩნიათ, არც ახალი ელექტორალური რესურსის მოზიდვის შანსი აქვთ. მათ გადაჯგუფებებს აზრი მხოლოდ შიდა ბრძოლაში აქვს, ქვეყნის მასშტაბით კი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ვერ ექნება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.