სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამების ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ხელისუფლების ინიციატივას, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს, „ქრონიკაში“ გამოეხმაურა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში დაცული იყოს ევროკავშირის სტანდარტები.
„სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კანონმდებლობაა, რადგან განსხვავებული რელიგიური სურათია. ზოგან ეს არის მეტად აქტუალური, მეტად პრობლემური, ზოგი ქვეყანა მეტად რელიგიურია, ზოგი – ნაკლებად. ჩვენ რაიმე უნივერსალურს ვერ მოვიფიქრებთ, მაგრამ როგორი ცვლილებებიც არ უნდა იქნეს მიღებული, ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა ჯდებოდეს საერთაშორისო სტანდარტში. ჩემთვის ჯერ უცნობია რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც დაინიციირდება ცვლილებები, გვექნება საშუალება ეს ყველაფერი უკეთ ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, დაცული უნდა იყოს ის სტანდარტი იმ სივრცის, რომლისკენაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ვგულისხმობ ევროკავშირს“, – განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს და რეგულაცია იქნება გამკაცრებული.