შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პროკურატურამ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალდება წარუდგინა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წაუყენა.

საქმე ეხება ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობას, რომელსაც ძმებმა ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს.

როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული სასჯელის ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურამ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ძმები, თავიანთი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სხეულის სხვადასხვა ადგილებში დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი კისერზე ხელის მოჭერით გაგუდეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 2 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.