შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საბა ბუაძე – ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა – პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმობა ორივე მხრიდან არსებობდა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, „ლელოში“ მამუკა ხაზარაძეს პარტია „გახარია საქართველოსთან“ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა აქვს. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრის დროს განმარტა, მათ კოალიციურ პარტნიორებშიც არ არსებობდა არანაირი პრინციპული შეუთანხმებლობა.

როგორც ბუაძემ აღნიშნა, მათთვის გასაკვირი იყო განცხადება, რომელიც გიორგი გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა.

„ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა, ვინაიდან გუშინდელი დღის მონაცემებით, ეს მოლაპარაკებები აბსოლუტურად, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა თანხმობა ორივე მხრიდან, არსებობდა სრულიად გასაგები მოლოდინები ორივე მხარისგან. ასევე, „ლელოს“ შიგნით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სრული მხარდაჭერა აქვს შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჩვენს კოალიციურ პარტნიორებს, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებშიც არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობდა და ეს დრო, რომელიც გუშინდლიდან დღევანდლამდე გავიდა, ჩვენ გამოვიყენეთ იმ არსებულ კითხვებზე სამუშაოდ, რომელიც არსებობდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ეს არის სამუშაო პროცესი და ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია”, – ნათქვამია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაში.