შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა – მომდევნო სხდომაზე, სავარაუდოდ, ბრალდებული დუმილის უფლებას დაარღვევს

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.

სასამართლო პროცესზე, რომელიც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულებაა მოპოვებული, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ცინდელიანმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა შერაცხად მდგომარეობაში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.

სახელმწიფო ბრალდებას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

შემდეგ სასამართლო პროცესზე უკვე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც უკვე ბრალდებული დუმილის უფლებას დაარღვევს და საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.