თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 სექტემბრიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაფინანსების ოდენობა სემესტრული ქულების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ:
90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) განისაზღვრება სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისთვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000-ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია თბილისის მერიაში 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს. განცხადებების შემოტანა ასევე, შესაძლებელია თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება.