18 წლამდე მორაგბეები 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართავენ

18 წლამდე მორაგბეები 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ თბილისში, ავჭალის სტადიონზე გამართავენ

26-03-2025 17:10
კატეგორიები: სპორტი

საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე გამგზავრებამდე პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ თბილისში, „ავჭალის სტადიონზე“ გამართავს. თამაში 16:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს U18-ების გაცილების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

რაც შეეხება ექვსი ერის ფესტივალს, მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში 7 აპრილს გაემგზავრება და საკურორტო ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებს.

ფესტივალში საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.

რაგბის კავშირის ცნობით, საქართველომ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე პირველად წინა წელს ითამაშა და ერთი თამაში მოიგო - საფრანგეთთან 20:19, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა. წლევანდელი ფესტივალი 10 აპრილს საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება; 14 აპრილს უელსს ეთამაშებიან, ხოლო 18 აპრილს კი ირლანდიას შეერკინებიან.

ზურაბ ამონაშვილის რჩეულთა შორის 6 ლეგიონერია. 4 მათგანი ფრანგულ, 2 კი ინგლისურ კლუბს წარმოადგენს. 45 მოთამაშიდან 18, 2008 წელსაა დაბადებული და მათ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში მომავალ წელსაც უწევთ. საფრანგეთთან თამაშამდე გუნდს კიდევ ორი ლეგიონერი დაემატება - „ტულონის“ მეორე ხაზელი, 18-წლამდელთა კაპიტანი დავით ბარამია და „მონპელიეს“ მეორე ხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია. ისინი თბილისში 25 მარტს ჩამოვიდნენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი მზადების პროცესისა და შემადგენლობის შესახებ საუბრობს.

„მოთამაშეების ძირითადი ნაწილი ჭაბუკთა „ა“ ლიგის ქვედა ასაკიდან გვყავს და ჩვენი მზადების პროცესიც მათ განრიგზეა მორგებული. თებერვლის ბოლოს, როდესაც 20-წლამდელები სამხრეთ აფრიკასთან საერთაშორისო სერიის თამაშებს მართავდნენ და „ა“ ლიგა ისვენებდა, 4-დღიანი შეკრება გვქონდა ქუთაისში, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობების გამო შეკრება ფაქტობრივად ჩაგვივარდა. თოვლის გამო გუნდი ვერც ერთხელ გავიდა მოედანზე და მხოლოდ დარბაზში ვარჯიშით თეორიული სწავლებებით შემოვიფარგლეთ. შეკრების ბოლო დღეს ქუთაისიდან თბილისში მოგვიწია ჩამოსვლა ერთმანეთში რომ გვეთამაშა.

„ა“ ლიგის ფინალის შემდეგ ბიჭებს ერთი დღით დასვენების შესაძლებლობა მივეცით და 11 მარტიდან დავიწყეთ მზადება მარტყოფის ბაზაზე, სადაც შაბათს ორმხრივი თამაში გვქონდა. ამ ეტაპზე 45 კანდიდატი გვყავს, რომლებსაც 25 მარტს კიდევ ორი ლეგიონერი დავით ბარამია და ნიკოლოზ ჩხორთოლია დაემატება. ისინი საფრანგეთთან მატჩისთვის უკვე ჩვენთან ერთად იქნებიან.

გაფართოებულ შემადგენლობაში არიან, უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და ვაკვირდებით ლეგიონერებს საფრანგეთიდან, რომლებიც იქ არიან დაბადებული, ან ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც საფრანგეთში წავიდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავამარტივოთ ჩვენი სათამაშო სისტემა და ბიჭებს ინფორმაციას ეტაპობრივად ვაწვდით, რათა გაუადვილდეთ მათი ათვისება. შაბათს გვქონდა ორმხრივი თამაში, რომელმაც მოთამაშეების ფორმაზე წარმოდგენა შეგვიქმნა.

საფრანგეთი 26 კაცით ჩამოდის და ჩვენც 26 მოთამაშე გვეყოლება განაცხადში, ზუსტად ისე, როგორც ექვსი ერის ფესტივალის ფორმატია.

რაც შეეხება საფრანგეთს, მათ ყოველთვის გამორჩეული გუნდი ჰყავთ. ვიცით, რომ ისინი უკვე შეკრებილები არიან „მარკუსის“ ბაზაზე და ემზადებიან ჩვენთან თამაშისთვის. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, კარგად მოვემზადოთ ექვსი ერის ფესტივალისთვის. გარდა ამისა, არაერთხელ მითქვამს, რომ 18-წლამდელთა ნაკრები განვითარების ეტაპია და მნიშვნელოვანია ასეთი დონის გუნდებთან შეხვედრა. ბევრი მოთამაშისთვის საფრანგეთთან თამაში იქნება პირველი შეხება საერთაშორისო დონესთან და ექვსი ერის ფესტივალზე ჩასვლამდე მათ ექნებათ წარმოდგენა რა დონის მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა მაღალ ტემპთან ადაპტაცია იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ჩემპიონატში თამაშის ტემპი ძალიან დაბალია და 2 კვირაში მოგვიწევს მასთან ადაპტაცია.

ასაკობრივი ნაკრები ყოველთვის სპეციფიკურია და წელს არ გვყავს ისეთი მასიური ბიჭები, როგორიც შარშან გვყავდა. გაფართოებულ შემადგენლობაში 5 ისეთი მოთამაშეა, რომელმაც ექვსი ერის ფესტივალზე შარშანაც ითამაშა, კიდევ 9-მ კი 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მიიღო გამოცდილება“,- აცხადებს ზურაბ ამონაშვილი.

რაგბის კავშირის ინფორმაციით, 2025 წლის ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადებიან:

ნიკოლოზ ტორაძე (რუენი, საფრანგეთი), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), მინდია ხორავა (ორიაკი, საფრანგეთი), შოთა გვრიტიშვილი (ლელო), საბა ჯიბღაშვილი (ლელო), ირაკლი ყოლბაია (ლელო), გიორგი გაბუნია (ლელო), ნიკა ხოშტარია (ფოთი), დავით ხურციძე (ლელო), ლუკა ჭაკუა (ფოთი), ნიკა მიქაძე (ლელო), გოგა ბერიძე (ბათუმი), მათე მახარაძე (ბათუმი), ლუკა შულაია (ლელო), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტაბატაძე (არმია), ბექა წამალაიძე (არმია), საბა გიორგიძე (ლელო), ნიკა ხაფავა (ყოჩები), გიორგი არძენაძე (ბათუმი), გიორგი ზაზაძე (ხარები), თაზო მეიფარიანი (აია), გაბრიელ ჩიქოვანი (რაშები), ნიკა ფანცულაია (არმია), ტატო ტალახაძე (აია), საბა მერებაშვილი (ლელო), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), რეზო მათიაშვილი (ყოჩები), ნიკა თექთურმანიძე (ხვამლი), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), გიორგი ხონელიძე (ლელო), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), გივი ჩიხლაძე (აია), ოთარ ელიაშვილი (გორი), იოსებ ღვინჯილია (ლელო), გოგა უშვერიძე (აია), დათა ახვლედიანი (ლელო), ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), დავით არობელიძე (არმია), საბა მშვილდაძე (აია), ავთანდილ ზვიადაძე (აია), გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), ლუკა ბერძენიშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი; მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი.

პოსტი ნახა: 382


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე