ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) ინტენსიური სამუშაოები გრძელდება.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლიანი გზის მშენებლობა მალე დასრულდება, რის შემდეგაც დასრულებულ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა და დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, სადაც მოეწყობა 3 ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი.
"ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალური გზა სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით. ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (49 გვირაბითა და 88 ხიდით)",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე სამუშაოები, 9 მაისს ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების, შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია. გასულ წელს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძე ამბობდა, რომ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რაზეც გზის ძირითად კონტრაქტორს China State Construction Engineering Corporation-ს არაერთი გაფრთხილება და რეკომენდაცია მიეცა. გზის სიგრძე 11.7 კილომეტრს, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი 330 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა პროექტის საფასური გაიზარდა, რადგანაც სახელმწიფომ 149-ე კილომეტრზე მდებარე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებისთვის 2024 წლის იანვარში 62 მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა.