სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტს ხელს უშლის უფლებამოსილების განხორციელებაში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.
„მგონი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხია სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მან რაღაცნაირად ნდობა გამოავლინა ინსტიტუციების და პასუხიც დაუყოვნებლივ მიიღო, რომ არათუ ინსტიტუციების ნდობა, არამედ ახლა სახელმწიფო ინსტიტუციები მის წინააღმდეგ იბრძვიან.
ფაქტობრივად, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ, რითაც პრეზიდენტს სასამართლო ხელს უშლის თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში. ეს არათუ ეხმარება და აბალანსებს ხელისუფლებათა კონტროლს, არამედ მთავრობას ეხმარება მათივე დანიშნულ პრეზიდენტთან ბრძოლაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.