სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, იანვარში საარსებო შემწეობა საქართველოს 667 668 სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო.
აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ პირველად გაჩნდა ჩანაწერი. კერძოდ, გასულ თვეში 30 571 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც, აღნიშნულ პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. როგორც სააგენტოში „ბიზნეს ფორმულას“ განუმარტეს, თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში, ოჯახს სოციალური შემწეობა 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 170 704 ლარი დაიხარჯა.
სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, იანვარში, დეკემბერთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, 2 883-ით შემცირდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლეს სტატისტიკურ ანგარიშებში კიდევ ერთი ცვლილებაა. კერძოდ, უკვე ორი თვეა სააგენტო აღარ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მთლიანი მოსახლეობის რამდენი პროცენტი იღებს საარსებო შემწეობას, რასაც საზოგადოებრივ სამუშაოში ჩართულთა სტატისტიკას უკავშირებენ. ნოემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.9% იღებდა.
სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა. პრემიერმინისტრის თქმით, 200 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი საჯარო და კერძო სექტორში, 2-3 წელში დასაქმდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000-მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.