პრემიერი - არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია ბოლო 30 წელში ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი - ეს დაგვირგვინებაა ჩვენი ეფექტიანი მმართველობის
პრემიერი - არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია ბოლო 30 წელში ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი - ეს დაგვირგვინებაა ჩვენი ეფექტიანი მმართველობის
ბოლო 30 წლის განმავლობაში, არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ, არავის! ეს გავაკეთეთ ჩვენ, გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". იქნება ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი. ეს არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში და მათ რეკომენდაციაში წერია, რომ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი.
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებიდან და იმ ჩანაწერით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, უნდა ვთქვა, რომ ის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი სპეკულაციები, რომ თითქოს, მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია, მთავრობა არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს. უკაცრავად და შარშან ხალხი არ იყო და არ იმსახურებდნენ ამ სტატუსს? რატომ არ იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული შარშან სტატუსზე? მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები დღეს ამას უსინდისოდ იმეორებენ, არაფერი არ გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ქვეყანას შარშანვე მიეღო სტატუსი, პირიქით პირდაპირ საბოტაჟს ეწეოდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი.
ასევე ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვეყანა მიიღებდა სტატუსს, სცადეს უსუსურად ქულების ჩაწერა. მთავარი რამ ავიწყდებათ ამ ადამიანებს, მთავარი ის კი არ არის ვინ რა ქულას ჩაიწერს, მთავარი ის არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, გაძლიერდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს უნდა იყოს მთავარი ინტერესი. ხალხზე აპელირება და აქცენტის გაკეთება არის უსუსური მცდელობა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ შეფარებულები არიან უსუსურ განმარტებას.
ამ ადამიანებს მინდა დავუსვა კითხვა - შარშან რატომ არ ახსოვდათ ჩვენი ხალხი? როცა იგივე რეზოლუცია მიაღებინეს თავის პარტნიორ პარტიებს, ევროპის სახალხო პარტიებს და სხვებს. როცა პირდაპირ ანტიქართული რეზოლუციები დაასპონსორეს და მიაღებინეს, რომ მაშინ, ესე იგი თურმე საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს.
ჩვენ პირდაპირ გვესმოდა მოწოდებები, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს, ქვეყანა არ არის მზად და ა.შ. ამ დროს ჩვენზე ბევრად უკან მდგომი ქვეყნები უკრაინა და მოლდოვა, დღესაც ათჯერ ვუსწრებთ ორივე ქვეყანას და ყველას, მე არავის არ ვედრები. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ფაქტი არის ფაქტი და სიმართლე უნდა ვთქვათ პირდაპირ. მაშინ მათ მიიღეს და ჩვენ არ მივიღეთ. მაშინ ხალხი არავის არ გახსენებია, პირიქით, ეს იყო გაწირვის მცდელობა ჩვენი ხალხის. როცა ასეთი არასწორი გზავნილი გამოაგზავნეს შარშან.
მაგრამ მიხარია, რომ ეს ჩამოვიტოვეთ, ეს წარსულში დარჩა. გაუგებრობა დავარქვათ. შედეგი მიღწეულია და რაც მთავარია შედეგზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არის ეს. პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს სტატუსი. ამით ყველაფერი არის დასრულებული. უკაცრავად და ჩვენი მთავრობის დროს მიიღო ქვეყანამ ყველაფერი თუ რამე მისაღები ჰქონდა, ბოლო 10 წელიწადში. არავის არ გაუკეთებია ევროინტეგრაციაზე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ, არავის, არცერთ მთავრობას ბოლო 30 წლის განმავლობაში! ეს გავაკეთეთ ჩვენ, გააკეთა "ქართულმა ოცნებამ". იქნება ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა და ახლა უკვე სტატუსი. ეს არის დაგვირგვინება ჩვენი ეფექტიანი მმართველობის", - განაცხადა პრემიერმა.