ირაკლი კობახიძე - მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

ირაკლი კობახიძე - მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები და დიპლომატები

7 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

მზია ამაღლობელის ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც მან განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა დონორი, თანხის თითოეული ჩამდები მზია ამაღლობელის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა.

„კონკრეტულად მზია ამაღლობელის შემთხვევას რაც შეეხება, იცით, რომ ჩვეულებრივად კამერების თვალწინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული, სამართალდარღვევა, როდესაც ხელი დაარტყა კონკრეტულმა ადამიანმა პოლიციელს, პოლიციის ხელმძღვანელს კონკრეტულ რეგიონში. ეს სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, შესაბამისად, ამ ყველაფრის მედიასთან დაკავშირება არის ცარიელი სპეკულაცია. მინდა, ყველას ერთი რამ ვუთხრა, როდესაც საუბარია რაღაცების წაქეზებაზე, ყველა ის ადამიანი, რომელიც მშვიდობიანს უწოდებდა არამშვიდობიან პროტესტს, არის იმ დანაშაულის წამქეზებელი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა, ვინც ახალისებდა ძალადობას თბილისის ქუჩებში, არის ასეთი სამართალდარღვევების წამხალისებელი.

„მზია ამაღლობელის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მთელი ამ კვირებისა და თვეების განმავლობაში საქართველოში ახალისებდნენ ძალადობას, მათ შორის ესენი არიან კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც არიან საქართველოში, რადიკალურ ოპოზიციასა და სხვებზე აღარ ვსაუბრობ. მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა მზია ამაღლობელის პატიმრობაზე, რადგან მათ წაახალისეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. ისინი ამას აკეთებდნენ ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული, განსაკუთრებული აქტიურობით, არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული ვინც ახალისებს ძალადობას ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით პოლიციელებზე ძალადობას, მას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ რაიმეზე ისაუბროს საერთოდ. როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად. თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის, მთავარია, ეს შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოსტი ნახა: 80


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!