ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლულ თამაზ გინტურს შაბათს დაკრძალავენ. ოჯახი ამ დრომდე სამძიმარს იღებს. საოკუპაციო ხაზთან რჩება გარდაცვლილი გინტურის მანქანა, რომლის გადმოყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სოფელ კირბალში უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.
"კურიერი" ესაუბრა როგორც თამაზ გინტურის ოჯახს, ასევე უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის ახლობლებს, რომელიც უკვე მესამე დღეა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია.
თამაზ გინტურის ძმა "კურიერთან" საუბრის დროს ყვება, რომ ის ტაძარში სანთლის დასანთებად იყო შესული.
"ეკლესიის კარები ქაფით იყო ამოჭედილი და გაუღიათ კარები, მივიდა და სანთლები დაანთო, ეს კადრები არსებობს. ჩახოცილები ვართ, გავნადგურდით. შაბათს იქნება დაკრძალვა," - აცხადებს გინტურის ძმა.
ლევან დოთაშვილის მამა კი იმედოვნებს, რომ მისი შვილი სახლში უვნებელი დაბრუნდება.
"სანთლები იყიდა და დაანთო, ესეც ახლა ვიდეობით გავიგე. იმედი მაქვს, რომ დაგვიბრუნდება უვნებელი საოკუპაციო ხაზიდან. ყველა მაიმედებს, ნუ გეშინია ბეწვი არ ჩამოვარდება და სასამართლოს მერე გამოუშვებენო," - აცხადებს დოთაშვილის მამა.