ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის - არ გვაქვს უფლება, დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს, - ამ გზავნილით მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, აურიოს გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მცდელობები 15 დეკემბერს უშედეგო აღმოჩნდება.
„ჩვენ 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ველოდებით. ველოდებით იმ გაგებით, რომ ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი გამოწვევა. მართალია, კომისიის რეკომენდაცია ძალიან ძლიერია და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ იქნება შესრულებული, იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლომდე, ყველაფერს ცდილობს, რომ აურიოს ეს გეგმა. ეს მისთვის ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა, ეს სივრცე მართლაც შევა ევროპულ ოჯახში და ეს უკვე ახალი სიცოცხლის დაწყებაა, ამიტომ არის მცდელობები, რასაც ვხედავთ დღეს, გუშინ. იმედი მაქვს, ეს უშედეგო აღმოჩნდება 15 დეკემბერს, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს გადაწყვეტილება იქნება, ასევე, პოზიტიური არა მხოლოდ საქართველოსთვის, ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ იქნება მოლდოვასა და უკრაინისთვისაც. იმიტომ, რომ ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის. ეს არის გზავნილი, რაც მინდა გავიდეს ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ასევე, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რამეთუ მათი გადაწყვეტილებები, ასევე, ამ დღეებში უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. მათ, ჩვენ, არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს. ამიტომ დღეს გზაჯვარედინია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე და იმედი მაქვს, რომ ორ დღეში ვიზეიმებთ, როგორც დავიწყეთ ზეიმი 8 ნოემბერს, გავაგრძელებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.