პარლამენტის პლენარული სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი კვლავ ის შეურაცხმყოფელი განცხადებაა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ, სესიაზე, ორი დღის წინ გააკეთა.
დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პირველი განსახილველი საკითხი „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სამარცხვინოა, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები იმ ფონზე იხილებოდეს, როცა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტს ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს. მან ბერაიას სამარცხვინო უწოდა.
„სამარცხვინო კაცი ხარ, გადადექი!“- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.
თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მისი მითითებით მანდატურებმა ალეკო ელისაშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
„დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ხართ დარბაზიდან. მანდატურს მივმართავ, დაატოვებინეთ დარბაზი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.